თელავში ავტოსადგომის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება
ქალაქ თელავში ავტოსადგომის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
40 ერთეულ ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომი თელავში თბილისის გზატკეცილზე, სოხუმის ქუჩაზე აშენდება.
ავტოსადგომის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მუნიციპალიტეტის მერი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით პირველ ეტაპზე თელავს 10 ერთეული ავტობუსი გადაეცემა.
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით თელავში მიმდინარეობს ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც ჯამში 35- 40 ავტობუსზეა გათვლილი.
პირველ ეტაპზე თელავში შემოვა 10 ერთეული ავტობუსი, რომელიც იმოძრავებს ქალაქის მასშტაბით, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს 25-30 ავტობუსის შემოყვანას და ისინი მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურებიან”, – აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მშენებლობის დასრულების დროდ მიმდინარე წლის შემოდგომა განისაზღვრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში პირველად თანამედროვე, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანას.
კახეთში ეს პროცესი უკვე დაწყებულია. შემოდგომაზე თელავის მუნიციპალიტეტის მისახლეობას ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ მობილურობას.
რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან წარმატებული შენაძენი თელავის მოსახლეობისთვის“-აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული და ჯამური ღირებულება 1 256 645 ლარს შეადგენს.