ახალი ამბები

სოფელ აწყურის მოსახლეობამ აქცია გამართა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობამ აქცია გამართა.

მათ საძოვრებზე გამოცხადებული აუქციონის გამო, თელავი- ახმეტის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას და დახმარებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საუბარია თეთრი გიორგის მონასტრის მიმდებარედ 23 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელიც ერთადერთ საძოვარს წარმოადგენს.

ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლები.

აქციაზე მივიდა ,,ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი.

მისივე თქმით, აღნიშნული მიწის ფართობზე ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ინტერესები იკვეთება. ბოტკოველი ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებს აუქციონი შეაჩეროს.

ადგილობრივების თქმით, აუქციონის ვადა ხვალ, 17:00 საათზე იწურება და უყურადღებობის შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.