პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით (94 ხმით) მიიღეს.

პროექტს მხარი კონკრეტული დათქმებით დაუჭირეს, რომელიც მესამე მოსმენისთვის უნდა აისახოს.

როგორც სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ერთი დათქმა ეხება ეგზიტპოლების ჩატარების დაშვებას საარჩევნო უბანთან 25- მეტრიან რადიუსში, ხოლო მეორე დათქმა – არაკვალიფიციურ და კვალიფიციურ სუბიექტების მიმართ თანაბარ მიდგომას.

„ერთი ეხება ეგზიტპოლებს, რაც ჩვენ გავიზიარეთ, ანუ გვაქვს შემდეგი ფორმულირება მე-13 პუნქტის შესაბამის მუხლში,რომ ამ მუხლის მე-12 პუნტი არ ვრცელდება საზოგადოებრივი კვლევის ეგიზტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე და ასევე, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გიგა ბუკიას ინიციტივა იყო, რომ არადისკრიმინაციული მიდგომა განხორციელებულიყო როგორც კვალიფიციურ, ასევე, არაკვალიფიციურ სუბიექტებზე და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება დაზუსტება. რედაქციას წარმოგიდგენთ უშუალოდ მესამე მოსმენის დროს,“- განაცხადა კობახიძემ.

ასევე აღსანიშნავია, რომ კოდექსში აღარ იქნება ასახული ნორმა, რომლის თანხმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. შესაბამისად, პროექტში აღარც სანქციაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *