ახალი ამბები

ვისი კანდიდატურები განიხილება კახეთში მაჟორიტარებად

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტი არჩევნების ჩატარებამდე 4 თვეა დარჩენილი და ოფიციალური თარიღი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, კახეთში პოლიტიკოსების ნაწილმა აქტიურობა უკვე დაიწყეს.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, კახეთის რეგიონს პარლამენტში, მოსახლეობის მიერ არჩეული ორი წარმომადგენელი ეყოლება.

რეგიონში 2 საარჩევნო ოლქი შეიქმნება, საიდანაც ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები. პარტიების ნაწილმა კახეთში მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე უკვე შეაჩერა არჩევანი.

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო ” დეპუტატობის კანდიდატად თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში კახეთის მოქმედი გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის, ხოლო გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის დავით სონღულაშვილის კანდიდატურების წარდგენას აპირებს.

დავით სონღულაშვილი აღნიშნულ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი კი აცხადებს, რომ არ არის ინფორმირებული სახელდება თუ არა მისი კანდიდატურა რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე.

კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში.

,,საარჩევნო კამპანია არ დამიწყია, რადგან მე ისედაც აქტიურად ვხვდები მოსახლეობას არასაარჩევნო პერიოდში. რაც შეეხება ჩემი კანდიდატურის წარდგენას, ოფიციალური განცხადება გაკეთდება ამასთან დაკავშირებით და მაშინ გახდება ყველა ინფორმაცია ცნობილი’’,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატი, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან ემზარ ქვარიანი იქნება.

,,გადავწყვიტე მივიღო არჩევნებში მონაწილეობა და დავაყენო ჩემი კანდიდატურა. აქტიურობას და წინასაარჩევნო კამპანიას ივლისის თვის შუა რიცხვებისკენ დავიწყებ’’,– განუცხადა Knews.ge-ს ემზარ ქვარიანმა.

კახეთის რეგიონში სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ამ ეტაპზე საარჩევნო შტაბების დაკომპლექტება მიმდინარეობს. ნაწილმა კი ერთ თვეზე მეტია აქტიური მუშაობა დაიწყო.

მათი თქმით, აქტიურ მუშაობას და წინასაარჩევნო კამპანიას არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებისთანავე დაიწყებენ.