სოფელ ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილს თელავის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირებისა და მკვლელობისთვის დაკავებულ პირს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი, ზურაბ ბეგიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატიული სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
,,სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და დაეთანხმა ბრალდებას, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისათვის აუცილებელი მკურნალობის ჩატარების თაობაზე. ის დიალიზზე მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ვფიქრობ, რომ ჩვენი გზა, ნაფიცი მსაჯულების სასამართლოსკენ მიდის, ყველა სხვა შემთხვევაში, მას გარდაუვალი სიკვდილი ელოდება”,– განაცხადა ბეგიაშვილმა.
ადვოკატი, ბრალის გადაკვალიფიცირებასაც ითხოვს და თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავდაცვის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
წინასასამართლო სხდომა, სისხლის სამართლის საქმეზე, 25 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილია ერთი და ხოლო მეორე ახალგაზრდა მძიმედაა დაჭრილი.
გამოძიება საქმეზე, განზრახ მკვლელობის დამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.