ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, განზრახ მკვლელობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის, დ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე; 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა.
უწყებაში განცხადებით შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, დ.ნ-ს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა ა.მ.-სთან და შ.მ.-სთან.
დ.ნ.-მ, მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, შურისძიების მოტივით განზრახ მოკვლის მიზნით დამიზნებით ესროლა შ.მ-ს და ა.მ-ს. შ.მ. მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების გამო, საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა დ.ნ. 2020 წლის 29 ივნისს დააკავეს. ეჭვმიტანილის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტი მჭიდში მოთავსებული 4 ცალი ვაზნით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დ.ნ.-სთვის წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.