თელავში ტურები გამოჩნდნენ – ვიდეო
თელაველმა ახალგაზრდებმა ქალაქ თელავის ცენტრში დილის 6 საათზე ტურა შენიშნეს, რომელიც დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გადაადგილდებოდა. ნახეთ ვიდეო, რომელიც ახალგაზრდებმა გადაიღეს და kews.ge ს მიაწოდეს.
ტურების გამოჩენა ქალაქის ცენტრში პირველი შემთხვევა არ არის, ბოლო დროს კახეთის სოფლებსა და ქალაქებში ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებიან. ადგილობრივების განცხადებით, ტურა შინაურ ფრინველზე ნადირობს და ღამით არაერთხელ ესმით ყმუილის ხმა. გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლის, კახა სუხიტაშვილის თქმით, ტურის ეს სახეობა კახეთში ბინადრობს და ბარში ჩამოსვლის მიზეზი საკვებია.
კახეთის ტყეებში ბოლო დროს ცხოველთა მიგრაცია შეინიშნება, რომლის მიზეზი შესაძლოა ტყის მასობრივი ათვისება და ზოგან აქტიური მშენებლობების პროცესი იყოს. შესაბამისად, ტურა საკვებს ვერ პოულობს და ბარში ჩამოდის.
ნახეთ ვიდეო:
გაეცანით დამატებით ინფორმაციას:
აღწერილობა: ტურა ძაღლების ოჯახს ეკუთვნის. სხეულის სიგრძეა 68-104 სმ, კუდის 22-27, წონა 6-16კგ. სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს. ბეწვი უხეშია, ქარცი-რუხი. ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი, ზამთრობით ჩალისფრადაა შეფერილი, ზაფხულში ჭუჭყისფერ-ყვითელია და წითურ-მოშავო ელფერი დაკრავს, კუდი წითურ-მურაა, ბოლოში შავდება.
გავრცელება: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და კუნძულ შრი-ლანკაზე. საქართველოში მრავლადაა კოლხეთის დაბლობზე, გურიაში, სამეგრელოში, აღმოსავლეთში – შირაქში, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის რაიონებში. გვხდებოდა თითქმის ყველგან ზღვის დონიდან მაქსიმუმ 1000 მ სიმაღლეზე მაგრამ უკანასკნელ წლებში რიცხოვნობის მკვეთრად მომატების შემდეგ მისი საბინადრო არეალი გაფართოვდა და ამჟამად ისეთ ადგილებში გვხდება სადაც ადრე არ იყო, ზოგან 1500 მეტრამდე სიმაღლეზეც კი ავიდა.
ცხოვრების ნირი: მისი ტიპიური ადგილსამყოფელი ტუგაის ტიპის ჭალის ტყეები, ეკალბარდიანი წვრილი ტყე, ხშირი ბუჩქნარი, განსაკუთრებით კი ძეძვით დაფარული ზეგნებია, აგრეთვე ბინადრობს მთის ძირების ტყეებში, და წყალსატევების ახლოს ლერწმიანებში. არ ერიდება დასახლებულ ადგილების სიახლოვეს. ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშესაფარში, კლდის ნაპრალებში, ზედაპირის ჩაღრმავებულ ადგილებში, ხეების ფესვების ქვეშ, ზოგჯერ იკავებს მელიის ან მაჩვის სოროს, თვითონაც თხრის, ოღონდ, არაღრმა სოროს.
საკვები: ტურა საკვებად შებინდებისთანავე გამოდის. იკვებება თითქმის ყველაფრით – ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, ლოკოკინებით, ბაღჩეული კულტურებით, ხილით, მაგრამ მისი ძირითადი საკვები წვრილი ძუძუმწოვრები, კურდღელი და ფრინველებია. თუ მოახერხა თავს ესხმის ცხვარს, თხას და შინაურ ფრინველსაც. მასობრივად სპობს ხოხობს, გარეული ღორის გოჭებს, შვლის და ზოგჯერ იმორჩილებს ირმის ნუკრებსაც კი. ის ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული ცხოველია. შეუძლია ნახტომში დაიჭიროს აფრენილი ფრინველი. ასევე როდესაც მსხვილი მტაცებლები ნადირობენ, ტურები მათ კვალს მისდევენ, რომ მათი ნადავლის ნარჩენები მიირთვან.
ყმუილი: ტურისთვის დამახასიათებელია ხმამაღალი ყმუილი – “კივილი”. ნადირობის წინ თავისებური, ხმამაღალი, ბავშვის ტირილისმაგვარი კივილით ეხმიანება თანამოძმეებს. აგრეთვე ყმუიან სირბილის დროსაც და ახასიათებთ ხმამაღალ ხმაურზე აყოლა კივილით. არ ყმუიან წვიმის ან მოღრუბლული ამინდის დროს. მოწმენდილ მთვარიან ღამეებში კი განსაკუთრებით აქტიურობენ და კივიან.
სამეურნეო მნიშვნელობა: საგრძნობ ზარალს აყენებს სახალხო მეურნეობას, შინაურ და გარეულ ფრინველებს, აგრეთვე არის ცოფის, ჭირისა და ტრიქინელოზის გამავრცელებელი. ბეწვი მდარე ხარისხისაა.
ნადირობა: თუ ხაფანგით დაჭერას არ ჩავთვლით, ჩვენში ტურაზე ნადირობის ერთადერთი ხერხია გავრცელებული – მდევრებით ნადირობა. ტურა დღისით ბუნაგში არ წვება, ხშირ ბუჩქნარს აფარებს თავს, მაგრამ მისი პოვნა ძაღლებს არ უჭირთ, რადგან იგი ძალიან ფრთხილია, ძაღლს ახლოს არ უშვებს, იპარება და მდევრებიც სწრაფად ადგებიან ცხელ კვალზე. საერთოდ ტურა ადვილათ სადევნელი ცხოველია, საკმაოდ მძაფრ სუნს ტოვებს კვალზე, მთავარია, რომ მდევარი იყოს გულადი და აზარტული. ნადირობა ყველაზე შედეგიანია, როცა 4-5 გამოცდილი მონადირე ნადირობს წინასწარ კარგად შესწავლილ სავარგულში. დილით ადრე ძაღლების გამშვები მონადირე ადგილზე უნდა დარჩეს. დანარჩენები კი სწრაფად მაგრამ ზედმიწევნით ფრთხილად უნდა გადაადგილდნენ და ჩასაფრთნენ სავარაუდო გასასვლელ ბილიკზე. გეზზე დგომის დროს საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და კარგად შენიღბვა. ტურა უმნიშვნელო ხმაურზე ან მოძრაობაზე მაშინვე რეაგირებს და მიმართულებას იცვლის, ხოლო თუ საეჭვო ვერაფერი შენიშნა, იგი საკმაოდ სწორ წრეებზე ტრიალებს და თავის ტერიტორიას არ ტოვებს. ამიტომ ნადირმა თუ მოშორებით გაიარა, ადგილის შეცვლა და მეორე წრეზე უფრო მოხერხებულ ადგილზე დალოდება შეიძლება. მაგრამ დევნის დროს ზედმეტი მოძრაობა მაინც არასასურველია, მოთმინება სჯობს. მახეში გაბმით დაჭერისას ტურას უგებენ 3 ან 5 ნომერ ხაფანგს. თოფით ნადირობისას კი, რადგან ტურა საკმაოდ უხეში და გრძელი ბეწვით არის შემოსილი, ჭრილობას კარგათ უძლებს, ამიტომ მასზე ნადირობისას 1, 0, 00, ნომერი საფანტით შორ მანძილზე სასროლი ვაზნებია საჭირო.
წყარო: inadire.ge