ახალი ამბები

ყვარელში წარმოებული წვენები ექსპორტზე 25 ქვეყნაში გადის

ყვარელში, კომპანია ,,არომა პროდუქტი/Georgia’s Natural”–ის მიერ წარმოებული წვენები ექსპორტზე 25 ქვეყანაში გადის.

კომპანიის დირექტორის, თამარ გუგუშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ამუშავებენ ხილსა და ბოსტნეულს და აწარმოებენ მაღალი ხარისხის ნატურალურ წვენებს, მურაბებს, ჯემებს, ხილის კონსერვებს, სანელებლებს, და სხვა.

,,2018 წლიდან დღემდე გადავამუშავეთ 3 000 ტონაზე მეტი ხილი და ბოსტნეული და 1600 ტონა ნედლეული შეიქმნა. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა ასეთი ტიპის პროდუქცია ექსპორტზე გავიდა. წარმოებულ პროდუქციას კომპანია ექსპორტს ახდენს 5 კონტინეტსა და 25 ქვეყანაში. მათ შორისაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ლატვია, კვიპროსი, აშშ, იაპონია, კანადა, სამხრეთ აფრიკა და სხვა ქვეყნები”,– აცხადებს თამარ გუგუშვილი.

მისივე თქმით, წარმატებული საექსპორტო საქმიანობის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა საკუთარი პროდუქციის – ორგანული ხილისა და ბოსტნეულის ცივად გამოწურული წვენების ,,Georgia’s Natural”-ის სავაჭრო ნიშნით საქართველოს ბაზარზე გატანა, რაშიც მათ ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი პროექტი დაეხმარათ.

,,აღნიშნული პროექტი დაგვეხმარა ბრენდირების კონცეფციისა და მარკეტინგული სტრატეგიის მომზადებაში, რომელიც ადგილობრივ მომხმარებლებს ორგანული პროდუქტების უპირატესობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

დღეს პროდუქცია ,,Georgia’s Natural”-ის სავაჭრო ნიშნით იყიდება საქართველოს მსხვილ სუპერმარკეტებში, მაგალითად გუდვილში. კომპანიამ საწარმოო აღჭურვილობის მოდერნიზებისთვის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზითაც ისარგებლა. სესხით კომპანიამ შეიძინა მინის ქილებსა და ბოთლებში მურაბების, წვენების, თაფლის, ჟელეს და ხილის სიროფების ჩამომსხმელი მექანიკური დოზატორი და სხვა საჭირო ტექნიკა.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კომპანიას სესხის თანხის 10% დაუბრუნდა”,– აცხადებს თამარ გუგუშვილი.