სოფელ ყარაჯალაში ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი 7 მედიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებული 63 წლის ქალის კონტაქტში მყოფი 7 მედიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია ქალის დაინფიცირების წყარო, თუმცა სპეციალისტებმა კონტაქტები უკვე გამოიკვლიეს, რომლის რიცხვი სამს არ აღემატება და მხოლოდ ოჯახის წევრებს მოიცავს.
მისივე თქმით, ოჯახის სამი წევრის ნიმუშებზე ლუგარის ცენტრიდან ერთი პასუხი დადებითია.
,,კორონავირუსი ინფიცირებული ქალის სიძეს დაუდასტურდა და 45 წლამდე მამაკაცი თელავის საკარანტინო სივრციდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოვიკვლიეთ მედპერსონალიც, ვინც დაინფიცირებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიიღო. ისინი იყვნენ შესაბამისად აღჭურვილი, მაგრამ მათგან შვიდმა პრევენციის მიზნით, საკუთარი სურვილით თვითიზოლაციაში ყოფნის გადაწყვეტილება მიიღო“, –განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
გუშინ კახეთიდან ლუგარის ცენტრში ჯამში 101 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც კორონავირუსზე მხოლოდ ერთი პასუხი იყო დადებითი.