20 ივნისი– ბრძოლა პოლიტიკური ცვლილებებისთვის
2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების წლისთავზე, დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებები ვრცელდება.
პოლიტიკოსების ნაწილი განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციას, ხოლო მეორე ნაწილი ხელისუფლებას სთხოვს პასუხისმგებლობის აღებას.
განცხადებას ავცელებს აშშ-ის საელჩოც.
დიპლომატიური უწყება კვლავ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი ოკუპაციის წინააღმდეგ და ქვეყანაში, გამოწვევებთან ერთად, მეტი შესაძლებლობის გაჩენას იმედოვნებს.
“20 ივნისს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა. ვიხსენებთ რა ამ დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დაშავდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მმართველი პარტიაც.
,,ოცნებაში” განმარტავენ, რომ ამ მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა.
პარტიის ლიდერები გავრილოვის ვიზიტს პარლამენტში “სამწუხარო შეცდომას” უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მათ მოიბოდიშეს. დესტრუქციული ოპოზიცია კი შეეცადა, ეს პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა.
“დღეს, როცა 20 ივნისის მოვლენებს ვაფასებთ. მომხდარის გაანალიზება სწორედ ამ რაკურსიდან უნდა ვცადოთ, რათა მომავალში მინიმუმადე დავიყვანოთ უკიდურესად დამაზიანებელი პროცესების რეციდივის შანსი”,– აღნიშნავენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ 20 ივნისი საქართველოს გამარჯვების დღეა.
,,ამ დღემ დაგვარწმუნა, რომ ქვეყანას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, განათლებული თაობა ჰყავს და როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ეს თაობა უკან არ დაიხევს”, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
შეგახსენებთ, გასულ წლის 20 ივნისს, მთავრობამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.
დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი.