ახალი ამბები

ვაშლოვანის ნაკრძალში ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა. პატარა ლიკლიკები კადრზე ქურციკების მონიტორინგის სპეციალისტმა აღბეჭდა.

2009 წლიდან ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე „ქურციკების რეინტროდუქციის პროექტი“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თურქეთის გარემოს დაცვისა და სატყეო სამინისტროს ხელშეწყობითა და გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (BMZ) WWF ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გასული საუკუნის 90-იან წლებში გადაშენებული ქურციკების პოპულაციის აღდგენას ისახავს მიზნად.

ქურციკი წყვილჩლიქოსანი ცხოველია და ძროხისებრთა ოჯახს განეკუთვნება. ჯეირანის სხეულის სიგრძე 95-115 სმ-ია და მასა 33 კილოგრამს აღწევს. წითელ წიგნში შეტანილი ცხოველი გავრცელებულია მცირე აზიის, ამიერკავკასიის, შუა აზიის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში.

წარსულში ქურციკი საქართველოს ტერიტორიაზე მცირე რაოდენობით გვხვდებოდა შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში. ის საკმაოდ ბევრი იყო გარდაბნისა და სამგორის ველებზე, მაგრამ უწესრიგი ნადირობის შედეგად გადაშენდა.. 1,5 წლის ქურციკი უკვე ზრდასრულია. მისი მაკეობა 5 – 5,5 თვეს გრძელდება.

აპრილ-მაისში ის შობს ერთ ან ორ თიკანს. ჯეირანი ძირითადად ბალახეულით იკვებება. იგი გვხვდება ირანში, სომხეთში, ავღანეთში, პაკისტანში, მონღოლეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში.