გახარია – სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებით, მთავრობა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, რათა არჩევნებისას ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რასაც ქვეყანა აუცილებლად შეძლებს.
გიორგი გახარიამ “ლოპოტაზე” საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ არჩევნები ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა.
„ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში წელს საარჩევნო წელია, რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩენო პროცესი აგიტაციიდან დაწყებული შეჯიბრებითობით პარტიებს შორის და ადამიანებთან შეხვედრებით, რასაც თავისი მობილობა მოყვება. არჩევნებიც თვითონ ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები უბანში უნდა მივიდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ. ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ აქ არანაირი ეპიდემიოლოგიური საფრთხე არ იყოს ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“, – განაცხადა გახარიამ.