ახალი ამბები

საგარეჯოში კორონა ვირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საგარეჯოში კორონა ვირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც “კახეთის ხმას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, პაციენტს, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, საშუალო სიმძიმის პნევმონია, მომატებული ტემპერატურა და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ 18 წლის მამაკაცის ინფიცირების წყარო ამ დრომდე ვერ დგინდება.

“კორონა ვირუსით ინფიცირებული მამაკაცი შაქრიანი დიაბეტითაც არის დაავადებული, თუმცა ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ჯერჯერობით გართულება არ შეინიშნება. ამ ეტაპზე ვერ ვადგენთ, სად შეიძლებოდა მამაკაცი დაინფიცირებულიყო. ის სანამ რესპირატორული სიმპტომებით თბილისის ავერსის კლინიკაში მივიდოდა, თბილისში მანამდეც იმყოფებოდა, თუმცა ძნელია იმის თქმა, რომ ის მაინცდამაინც დედაქალაქში დაინფიცირდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კოვიდ ინფექციით დაავადებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 18 მოქალაქიდან 6 გამოიკვლიეს და ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია.