ახალი ამბები

გურჯაანში ავარიის დროს გარდაცვლილი ქალის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გურჯაანში, კოტეხის დასახლებაში ავტოავარიას 60 წლამდე ქალის, ციური უტიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, სახლიდან გამოსული ქალი გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მათივე თქმით, სასწრაფო დახმარებას მაშინვე დაურეკეს, თუმცა ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო.

,,გარდაცვლილი ქალბატონი, კოტეხის დასახლებაში, ე.წ. ინკუპატორთან ახლოს ცხოვრობდა, ცენტრალურ გზასთან ახლოს. ხშირად გამოდიოდა გარეთ, მოპირდაპირე მხარეს ახლოსვე მაღაზიებია და იქ მიდიოდა ხოლმე. გუშინ მასე გადასვლას ცდილობდა და მანქანა დაეჯახა. ამ ქუჩაზე აუცილებელია რეგულაციების გატარება, რადგან მანქანები ძალიან სწრაფად დადიან”,- განუცხადეს Knews.ge-ს გარდაცვლილის მეზობლებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.