თელავის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტის ფინალურ ეტაპზე გადავიდა

თელავი საქართველოს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპის ქვეყნებს შორის საკეთესო მდგრადი, ენერგეტიკული პროექტის გამოსავლენი კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. 

,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები, მერების შეთანხმების ხელმოწერით“,-ეს იმ პროექტის გრძელი სახელწოდებაა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერია ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი-საქართველოსთან“ ერთად ახორციელებს. ეს სწორედ ის პროექტია, რომელიც საერთაშორისო, ენერგეტიკული კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი თავბერიძე ამბობს, რომ ეს წარმატება, თელავის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია:

,,პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, ორი მუნიციპალური, საზოგადოებრივი შენობის სრულ თერმომოდერნიზაციას, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით, ითვალისწინებს. ერთი შენობაა იყალთოს საბავშვო ბაღი, რომლის თერმოდანაკარგი ნულამდე იქნება დაყვანილი. ამ პროექტის მიზანია ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება. პროექტის განხორციელების შედეგად, რომელიც სამწლიანია, აღნიშნულ ბაღს დამოკიდებულს გახდის არა გაზსა და დენზე, არამედ, -ვაზის ნასხლევზე. 750 000 ევროს ექვივალენტური თანხის ღირებულების პროექტი სწორედ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს ნარჩენი პროდუქტების გამოყენება“,-განუცხადა ,,knews”-ს გიორგი თავბერიძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ეს მათთვის საპილოტე პროექტი არ არის, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს და არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა. როგორც მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი აცხადებს, ,,სამყაროს მომავალი სწორედ ისაა, რომ ვიზრუნოთ პლანეტაზე, ვიყოთ უფრო ეკონომიურები, დავზოგოთ რესურსები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ერთი საერთო სახლი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, ეკოლოგიის თვალსაზრისით. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს უფრო წინგადადგმული ნაბიჯები და ვფიქრობ, რომ უნდა გავიმარჯვოთ ამ პროექტით“.

ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, თელავის მუნიციპალიტეტის შენობის გარდა, სადაც ერთ-ერთ ფლიგელთან მზის ბატარეებია დამონტაჟებული, თელავის პირველ საჯარო სკოლაში 2016 წლიდან უკვე იყენებენ. აქ ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ნათურების გარდა, თბოიზოლაციისთვის შენობის ჭერზე განთავსებულ მინისებურ, დამცავ ფენას იყენებენ:

,,ეს ყველაფერი არის ძალიან უსაფრთხო და ეკონომიური. თუ ადრე თვეში 200 ლარის ღირებულების ელექტროენერგიას მოვიხმარდით, ახლა 50 ლარით ნაკლებს ვიხდით. რაც შეეხება გათბობას, რამდენიმე ათასი ლარის ბუნებრივ აირს ვიყენებდით, ახლა 24 საათიანი დატვირთვით, მხოლოდ 2 500 ლარის ოდენობის გაზს მოვიხმართ. შენობის თბოიზოლაციის გამო სითბო არ იკარგება, შესაბამისად, მრიცხველიც ნაკლებს წვავს და ნაკლებ გადასახადს ვიხდით“,-აცხადებს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაია ოთარაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის უკვე ფინალურ ეტაპზე გასულ პროექტს მაღალ შეფასებას აძლევენ ბუნების დამცველები. ,,სენის“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი კახაბერ სუხიტაშვლი ამბობს, რომ ენერგოეგფექტურობისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადგილობრივ ხელისუფლებას ეთანხმება, ამიტომ ინტერნეტის მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ პროექტს ხმა მისცენ.

,,ძალიან ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით, ტყეებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ კახეთში, არამედ, მთელ საქართველოში. ამიტომ ასეთი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელს შეუშლის ტყეების განადგურებას და საშუალებას მოგვცემს, რომ ალტერნატიული რესურსები მოვიძიოთ. მინდა, რომ რაც შეიძლება, მეტი დაწესებულება გადავიდეს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე: ეს არის მზის ენერგია, რომელსაც სამომავლოდ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ტყის ნარჩენები. ამ კუთხით, დიდი რესურსი გვაქვს და მითუმეტეს, ეს ნარჩენები ტყესაც აზიანებს და ხანძრების საფრთხესაც ქმნის“, -აცხადებს ,,knews”-თან კახაბერ სუხიტაშვილი.

 

ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *