სტატიები

ალვანში მცხოვრები ახალგაზრდა მფრინავი გოგონას ისტორია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მცხოვრები მაგდა ქააძე ერთ-ერთი ახალგაზრდაა, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული და მფრინავია.
მაგდა დღეს უკვე ერთ-ერთი პირველი პილოტი ქალია საქართველოში, რომელიც 2018 წლიდან მუშაობს “ჯორჯიან ეარვეისში”.
ის ამბობს, რომ ამ პროფესიაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, თუმცა იყო გამოწვევები და სირთულეები, რომლებიც მფრინავის პროფესიას ახლავს და ამასთანავეც საინტერესოს ხდის.
,,ბავშვობიდან ამ პროფესიაზე არ მიოცნებია. საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარება სკოლის ბოლო წლებში გადავწყვიტე, სხვა არაფერი მაინტერესებდა.
სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. რაც მეტს ვსწავლობდით, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე”,- აცხადებს მაგდა ქააძე.
მისივე თქმით, სწავლასთან ერთად, მუშაობა 2018 წელს “ჯორჯიან ეარვეისში” დაიწყო. მისი თქმით, მთავარი არა სქესი, არამედ პროფესიონალიზმია.
,,მუშაობა დავიწყე 2018 წელს “ჯორჯიან ეარვეისში”, განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ, თუმცა იყო რამოდენიმე შემთხვევა როდესაც საკმაოდ რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო, თუმცა, რასაკვირველია, როდესაც ხარ მფრინავი – ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მიმაჩნია, რომ მთავარია პროფესიონალიზმი და არა – სქესი, ჩემი თანამშრომლებიც ასე ფიქრობენ”,– განაცხადა მაგდა ქააძემ.
ახალგაზრდა მფრინავი განმარტავს, რომ იმისთვის, რომ ახალგაზრდები ამ სფეროში პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, აუცილებელია სწავლა და მოთმინება.
,,თუ გადაწყვეტენ ახალგაზრდები, რომ მფრინავები გახდნენ, აუცილებლად მოუწევთ ბევრი სწავლა, რაც საკმაოდ დიდ მოთმინების უნარსა და მონდომებას მოითხოვს და ვურჩევდი, მაქსიმალურად კარგად ისწავლონ – ეს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ”,- აცხადებს მაგდა.