თელავიდან გურჯაანის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდა
თელავიდან გურჯაანის მიმართულებით მიკროავტობუსით გადაადგილების ღირებულებამ მოიმატა.
როგორც “კახეთის ხმას” თელავის ავტოსადგურის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განუცხადა, მგზავრობის ფასი 50 თეთრით გაიზარდა და 3 ლარი გახდა.
ზაზა შაშვიაშვილის განმარტებით, რეგიონის სხვა ქალაქების მიმართულებით სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება არ გაძვირებულა.
“როგორც გურჯაანის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ამბობენ, იძულებული გახდნენ, მგზავრობის ღირებულება გაეზარდათ, რადგან ბაზარზე ავტომობილების ნაწილები გაძვირდა. ავტოსადგურის ადმინისტრაცია ფასის რეგულირებაში ვერ ჩავერევით. ეს თავად მძღოლების გადასაწყვეტია”, – განაცხადა ზაზა შაშვიაშვილმა.
მგზავრობის ღირებულებამ მოიმატა თელავიდან თბილისის მიმართულებითაც. მიკროავტობუსით გადაადგილების ფასი მხოლოდ ერთი ლარით გაიზარდა და 8 ლარი გახდა.