ახალი ამბები

სოფელ იყალთოში საბავშვო ბაღის შენობის თბომოდერნიზაცია მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში საბავშვო ბაღის შენობის სრული თბომოდერნიზაცია ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.

როგორც “კახეთის ხმას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის“ შენობის თბომოდერნიზაციასთან ერთად ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით (ვენახის ნასხლავით).

პროექტის საერთო ბიუჯეტი 748 695 ევროს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოები დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.