ანტიკრიზისული ბიუჯეტით, ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, დეფიციტი 8.5% იქნება
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, წარდგენილი გეგმის თანახმად, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 000 ლარი იქნება. დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
,,ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არაპროგნოზირებადობაა, ეს არის დიდი გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოს პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევაა. ამიტომ, ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობაა, ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტურად იყოს გადანაწილებული ეკონომიკის ყველაზე უფრო დაზარალებულ სექტორებზე.
სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეხებოდა პირველ რიგში ტურისტულ სექტორს, შემდგომ სოფლის მეურნეობას, დეველოპმენტს, განათლებას და ამ გზით გავაგრძელებთ. ყველაფერი, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ამას კავშირი არ აქვს პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენასთან, ეს არის ცალკე საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მაღალი დონის პროფესიონალებთან, შექმნილი გვაქვს რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ლონდონში, ნიუ–იორკში და რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც მონაწილეობენ, კემბრიჯის, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესურა და დელოიტის ნიუ–იორკის ოფისი. ეს იქნება გეგმა, რომელიც მიმართული იქნება 2021-2023 წლების ეკონომიკურ აღდგენაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას განმარტებით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ბიუჯეტში, შემოსავლის სახით, 1,8 მილიარდი ლარის კლებას პროგნოზირებენ.
,, ამ პარამეტრებით: ეკონომიკური ზრდა იქნება -4%; ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება 1,8 მილიარდი ლარი; მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები შემცირდება დაახლოებით 600 მილიონი ლარით; ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი იქნება დაახლოებით 8.5%. ანტიკრიზისული ბიუჯეტი პარლამენტს დღესვე წარედგინება’’,- განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და საქართველო, როგორც პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად იქნა აღიარებული.
„ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მოგეხსენებათ, საქართველო, ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ბევრმა საქართველო პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად გამოაცხადა.
მთავრობა აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან. რამდენიმე ქვეყანაში, რომელთანაც მოლაპარაკება თითქმის დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა, ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ იქნებ ცოტა ხანს დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი ციფრები იქნება. ეს არის ტურბულენტობა, რომელიც დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან. მოგეხსენებათ, ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ ან ორ წელიწადში გამოჩენაზე.
ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული, ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად გონივრული, ფრთხილი და გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ოპონენტები პოპულისტური ციფრებით გვსაყვედურობენ, უნდა გვესმოდეს, რომ ამას არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე და შემოსავალზე. ჩვენი მიზანი არის ძალიან მარტივი – უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის რისკების მართვა.
ჩვენი ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფი დაბრუნება. ეს ბიუჯეტი ამაზეა აგებული“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

