ლაგოდეხში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ლაგოდეხში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი, რომელიც ონკანებში მოედინება, სასმელად არ არის ვარგისი.
ისინი ამავე დროს წყლის საფასურის სულადობის ნაცვლად მრიცხველის ჩვენებით გადახდას აპროტესტებენ.
“დაბინძურებული წყალი მოგვდის. დასალევად ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, ვითხოვთ, რომ წყლის საფასური სულადობის მიხედვით გადაგვახდევინონ.
აქამდე წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით, თითო წევრზე 50 თეთრს ვიხდიდით, მრიცხველის ჩართვის შემთხვევაში კი გადასახადი 1 ტონა წყალზე 42 თეთრი იქნება. მრიცხველის მიხედვით, თითო ოჯახს თვეში 50 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს, რისი საშუალებაც არ გვაქვს. ხელისუფლებას ვთხოვთ დახმარებას”,- აცხადებენ ადგილობრივები.
აქციის მონაწილეებს ამ წუთებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ხვდება.
ცნობისთვის, ლაგოდეხში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გუშინაც გამართეს.
ფოტო: დავით ჭაბაშვილი