თუშეთში პოლონელი ტურისტი ცხენიდან გადმოვარდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის სოფელ ომალოში პოლონეთის მოქალაქე ცხენიდან გადმოვარდა.
როგორც “კახეთის ხმას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. უწყებაში განმარტავენ, რომ ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.
ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.