ახალი ამბები

სუსმა კახეთში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სუსში განმარტავენ, რომ საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. უწყების ცნობით, რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტი იკვეთება ქვემო ქართლშიც.

“აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.

კერძოდ აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

პირთა ჯგუფი აღნიშნული მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებებს უკანონოდ ხელყოფენ.

პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რომელიც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს”, – აცხადებენ სუსში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას გულისხმობს რომელმაც არსებითად ხელყო მისი უფლება და ეს ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ.