ახალი ამბები

როგორი იყო ძველი თელავის ქუჩები 100 წლის წინ- ფოტოები

ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.

XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები.

XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიათნოვა და სხვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა.

1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვა.

1863 წელს თელავის მოახლეობა შეადგენდა 7003 ადამიანს. 1892 წელს თელავმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. 1918 წლის მაისში თელავში აშენდა თეატრი. ამავე წლის 7 მაისს გაიხსნა ქალაქის პირველი საავადმყოფო.

ამ პერიოდში თელავში მოქმედებდა რამდენიმე სკოლა: ქალთა გიმნაზია, ვაჟთა გიმნაზია, სასულიერო სასწავლებელი და სხვ. ქალაქის თავი იყო კოტე ანდრონიკაშვილი 1930 წლიდან თელავის მაზრა გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა რამდენიმე რაიონი, მათ შორის ერთ-ერთი იყო თელავის რაიონი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქალაქი თელავი. 2014-2017 წლებში თელავი თვითმმართველი ქალაქი იყო.

თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. აქ არის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტი), თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ქალაქის ღირშესანიშნაობებია: ღვთაების ბაზილიკა (VI-VII სს.), ციხე-სიმაგრე ძველი გალავანი (X-XI სს.). თელავში არის ალავერდის ეპარქიის რეზიდენცია.

იხილეთ ძველი და ახალი თელავის ფოტოები:

თელავი. დღეობა ნადიკვარში, ვასილ როინიშვილი, 1907

ძველი და ახალი თელავი

ძველი თელავი-სავაჭრო ცენტრი

ძველი თელავი, ბატონყმობის გადავარდნის გამოცხადება, 1864 წლის 19 თებერვალი

ძველი თელავის ცენტრალური ქუჩები და ხედები

წყარო: ინტერნეტ ფოტოები