სოფელ ქვემო ალვანში მოსახლეობამ თუშეთის გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მოსახლეობა ფშაველი- აბანო – ომალოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით შეიკრიბა.
ადგილობრივების თქმით, კომპანია, რომელიც გზის მოვლა – პატრონობაზეა პასუხისმგებელი, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს და ამ დრომდე თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მაგისტრალი ზვავისგან და ჩამოსული მეწყერისგან ისევ ჩაკეტილია, რის გამოც მეცხვარეები მთაში ცხვრის გადარეკვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
სოფელში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლება და კონტრაქტორი კომპანიის შპს “ენერჯი გრუპის” დირექტორი. გიორგი წიკლაურის განმარტებით, გზის გაწმენდის სამუშაოების შეჩერების მიზეზი მთაში ზვავსაშიშროებაა. წიკლაური მიუთითებს, რომ ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა ადგილზე უკვე მობილიზებულია და მზად არის სამუშაოები ორშაბათიდან განაახლოს.
“ჩვენ ინტესიურად ვწმენდით გზას და გეგმას ვუსწრებდით, მაგრამ 5 მაისს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ჩვენი თანამშრომელი და დაზიანდა ტექნიკა. ადგილზე სპეციალისტების ჯგუფმა ვითარება შეისწავლა, იყო ზვავსაშიშროება და უბედური შემთხვევის დიდი რისკი .
მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები მანამდე შეწყვეტილიყო, სანამ მთაში სამუშაოების გასაგრძელებლად უსაფრთხო გარემო არ შეიქმნებოდა. მალევე ავიყვანეთ ოთხი ერთეული ტექნიკა, რომელიც სრულ წესრიგშია და გზის გაწმენდას ორშაბათიდან განვაახლებთ,”- განაცხადა გიორგი წიკლაურმა.
როგორც “კახეთის ხმას” ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სავარაუდოდ 5 ივნისიდან აღდგება.
თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე დიდთოვლობის გამო, 6 თვის განმავლობაში იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი.ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს უკვე რამდენიმე წელია ასრულებს.