კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ სტაბილურია
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კახეთის რეგიონიდან “კოვიდ 19”-ზე192 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც 105 ბიოლოგიური მასალის ტესტირების შედეგია ცნობილი.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა. მისივე თქმით, ამ დრომდე ახალი ვირუსული ინფექციის ლაბორატორიულად არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
“ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 2407 ნიმუში გაიგზავნა და მხოლოდ ორ მედიკოსს დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა განმეორებითმა კვლევებმა მათი კოვიდ 19-ით ინფიცირება არ დაადასტურა. ცხელების ცენტრებში მოთავსებული პაციენტების და საკარანტინე ზონაში მყოფი მოქალაქეების ბიოლოგიურ ნიმუშებს ვიღებთ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნით. ცხელების კლინიკის აბსოლიტურად ყველა პაციენტს ვიკვლევთ კორონავირუსზე”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 647-მდე გაიზარდა, საიდანაც 372 გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა. ბოლო დღეების განმავლობაში გამოჯანმრთელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ინფიცირების ახალ შემთხვევებს.