ახალი ამბები

გიორგი ბოტკოველი კახეთის გუბერნიას მოუწოდებს, გაასაჯაროვოს გაჭირვებულ ადამიანებზე სოციალური პაკეტების გადაცემის დეტალები

,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა კახე გუბერნიის შენობის წინ ბრიფინგი გამართა.

გიორგი ბოტკოველმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას პანდემიის დროს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გაცემული სასურსათო პაკეტების გადაცემის დეტალების გასაჯაროვება სთხოვა და გუბერნიაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე განცხადება შეიტანა.

პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მტკიცებით, სასურსათო პაკეტები გადაეცათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეს არ სჭირდებოდათ, რის გამოც გაჭირვებული მოსახლეობა დახმარების გარეშე დარჩა.

გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში სასურსათო კალათები ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით გადასცეს.

,,მუნიციპალიტეტებში გამოიყო გარკვეული თანხები, რათა შეძენილიყო სასურსათო ამანათები, რომ შემდგმომ ეს გადასცემოდა იმ ადამიანებს, ვისაც ესაჭიროებოდა. ამ მიზნით კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში გამოიყო კონკრეტული თანხები, შეიძინეს ამანათები და დაარიგეს შესაბამის ოჯახებში.
ჩვენ გვაქვს არა საფუძვლიანი ეჭვი, არამედ კონკრეტული ფაქტები, რომ აღნიშნული ამანათები გადაეცათ ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც არ საჭიროებდათ და ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც გაჭირვებულია, დახმარება არ მიუღია”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი კახეთის გუბერნატორს სთხოვს, გასაჯაროვდეს სოციალური პაკეტების მიმღებთა ვინაობა.

“მივმართავთ გუბერნატორს და გვინდა გამოვითხოვოთ ინფორმაცია, თუ რა თანახა დაიხარჯა მუნიციპალიტეტებში, რამდენი ამანათი და რომელი პროდუქტები შეიძინეს, რა თანხა გადაიხადეს თითოეულ პროდუქტში. ასევე ვითხოვთ, გასაჯაროვდეს, ვინ შეადგინა კონკრეტული ბენეფიციარების სიები და ასევე გვაინტერესებს ბენეფიციარ პირთა ვინაობა მისამართების მიხედვით.
ჩვენ ამიტომ ვთხოვეთ მედიას ჩართვა ამ პროცესში, რადგან ბევრჯერ მოგვითხოვია ინფორმაცია, თუმცა უყურადღებოდ ტოვებს მერია და გუბერნია.
ეს არის ხალხის თანხა და ამიტომ ვალდებულია ყველა მუნიციპალიტეტმა მიაწოდოს ინფორმაცია ყველას”,- აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.