როგორ მუშაობს პანდემიის დროს დედოფლისწყაროში მდებარე საწარმო “ნაციონალური დელიკატესი”
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად,ქალაქ დედოფლისწყაროში მდებარე საწარმო „ნაციონალურ დელიკატესებს“ ფუნქციონირება არ შეუჩერებია.
საწარმოს დირექტორი ოთარ სიმონიშვილი განმარტავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „ნაციონალური დელიკატესების“ პერსონალი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობს.
„სამუშაო სივრცეში საწარმოში დასაქმებული თითოეული ადამიანი აღჭურვილია შესაბამისი ეკიპირებით: ხელთათმანები, პირბადეები, ფარები. საწარმოს პერსონალი მუშაობის პროცესში იცავს დისტანციას. ამავე დროს სამუშაო ინვენტარს მუდმივად უტარდება დეზინფექცია, სამუშო დღის ხანგრძლივობა კი განსაზღვრულია 8 საათით“, – აცხადებს ოთარ სიმონიშვილი.
საწარმო 10 დასახელების კვების პროდუქტს უშვებს, რომელიც სპეციალურად, გერმენტულად დაცულ პაკეტებში ქსელურ მარკეტებში გვხვდება. „ნაციონალური დელიკატესები“ კვების პროდუქტებით ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამარაგებს. ოთარ სიმონიშვილი ირწმუენბა, რომ საკვები პროდუქტები ნატურალური ინგრედიენტებისგან, ყოველგვარი დანამატის გარეშე მზადდება.
„ჩვენი საწარმო „ნაცონალური დელიკატესები“ უკვე მესამე წელია, რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ჩვენ ვაწარმოებთ სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც მხოლოდ გაცხელება სჭირდება. არის სრულიად ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული და არანაირი დანამატები და გენმოდიფიცირებული პროდუქტები არ სჭირდება.
ვაწარმოებთ ქართულ ნაციონალურ კერძებს, როგორ არის ლობიო, ლობიო ლორით, ღორის მწვადი და ა.შ. ამ ეტაპზე გვაქვს ათი ძირითადი კერძი. ასევე ვაწარმოებთ საველე ულუფებს, რომლის ძირითადი მომხმარებლები არიან ქართველი ჯარისკაცები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ამ დროისთვის. პანდემიის მიუხედავად საწარმოო პროცესი არ შეგვიჩერებია“, – აღნიშნავს ოთარ სიმონიშვილი.
„ნაციონალური დელიკატესის“ პროდუქცია ამ ეტაპზე, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთსა და ყაზახეთში იყიდება. საწარმოს მარკეტინგის მენეჯერის, ქეთი ქელეხსაშვილის ინფორმაციით, პროდუქტზე მოთხოვნა სხვა ქვეყნებშიც დიდია. ქელეხსაშვილი მიუთითებს, რომ პროდუქტი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებისთვის მნიშვნელოვანია დროის ფაქტორია და ჯანსაღი კვება.
,,ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ შევძელით. ყველა პროდუქტისათვის გამოყენებულია მხოლოდ ახალი, სუფთა და სასარგებლო ქართული ნატურალური ინგრედიენტები. პროდუქტი გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი კვება და ამავე დროს კვებისთვის დრო ცოტა აქვთ.
პროდუქტი განსაკუთრებით მოსახერხებელი და კომფორტულია ტურისტებისთვის, მოლაშქრეებისთვის, ბანაკებისა და მსგავსი აქტივობებისთვის”, – აღნიშნავს „კახეთის ხმასთან“ საუბრისას ქეთი ქელეხსაშვილი.
საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 35 ადამიანი. გაზრდილი შეკვეთების დროს კი დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება და ასეთ დროს საწარმო 50 ადამიანს ასაქმებს.
დედოფლისწყაროში მდებარე საკვები პროდუქტების საწარმო კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა-დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა დაათვალიერეს. ისინი დაინტერსდნენ, პანდემიის დროს, როგორ მუშაობს საწარმო.
„ნაციონალური დელიკატესი სწრაფი კვებისთვის აწარმოებს პროდუქციას. ეს არის ქართული წარმოება. პროდუქცია იყიდება არა მხოლოდ საცალო ბაზარში, არამედ ამ პროდუქტებით სარგებლობს საქართველოს თავდაცვის ძალები.
ამჟამად ამზადებენ პროდუქციას და საკვებ ულუფას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის. ჩვენ გვაქვს წარმოება, რომელიც საკვები პროდუქტებით ამარაგებს ჯარს, სამართალდამცავ სტრუქტურებს. საწარმოს აქვს განვითარებისა და ზრდის ძალიან კარგი პოტენციალი. ამჟამად საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული.
ასეთი საწარმოები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი სასურსათო ბაზრის მომარაგებისთვის და პერსპექტივაში ექსპორტზე გასატანადაც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.