გამარტივებული რეგულაციები და უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის პერსპექტივა რეგიონში
საქართველოს ხელისუფლება ,,კოვიდ-19“-ის პირობებში დაწესებული რეგულაციების მოხსნას იწყებს. ცნობილი ხდება, რომ 15 ივნისიდან ტურისტული სეზონი გაიხსნება, 1 ივლისიდან კი ქვეყანა ვიზიტორებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაც მიიღებს.
ადგილობრივი ტურისტული კომპანიები იმ ზარალზე საუბრობენ, რომელიც როგორც მათ კერძო ბიზნესს, ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას მიადგა. რეგიონში მოქმედი ტუროპერატორები ამბობენ, რომ დანაკარგი დიდია.
,,კოვიდ-19-მა მნიშვნელოვნად შეაფერხა ტურიზმის სექტორი და უამრავი ადამიანი თუ კომპანია დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. ზარალის საბოლოოდ დათვლის შემდგომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდ ციფრებს მივიღებთ. გამყვანი ტურიზმი, ჯერჯერობით, სრულიად გაჩერებულია და შემომყვანი ტურიზმის თვალსაზრისითაც, ზაფხული, ფაქტობრივად, დავკარგეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ფრენები შეწყვეტილია, უამრავ სასტუმროში გაუქმდა ჯავშანი. საზღვრები 1 ივლისიდან გარკვეული ავიაკომპანიებისთვის გაიხსნება. ქართველ დამსვენებლებს ჩვენ წელს უფრო აქტიურად შევთავაზებთ შიდა ტურებს. ამისთვის კი, კახეთი ერთ-ერთი მოწინავე რეგიონი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ წუთამდე ჩვენ ვრჩებით მწვანე ზონად“, – განუცხადა knews-ს ტურისტული კომპანია ,,დინა თრეველის“ დირექტორმა, ნატო ქართველიშვილმა.
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ,,ვიზით კახეთის” ხელმძღვანელი თინიკო ხანჯალიაშვილი ახალი ტურისტული სეზონის გახსნის და, შესაბამისად, ახალი რეკომენდაციების მოლოდინშია.
,,ჩვენც ვემზადებით რეგიონში, თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული რეკომენდაციები არ მიგვიღია. ველოდებით, რა რეკომენდაციები იქნება გასათვალისწინებელი, რომ ამ პერიოდს მაქსიმალურად უსაფრთხოდ შევხვდეთ. იმედი გვაქვს, რომ შევინარჩუნებთ კახეთის, როგორც ,,მწვანე რეგიონის“ სტატუსს. ჩვენ ამ მიმართულებითაც გავაკეთებთ რეგიონის მარკეტინგს და როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო ტურისტებს შევთავაზებთ“, – აცხადებს knews-სთან” საუბრისას თინიკო ხანჯალიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ტურიზმს რეგიონის განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მიიჩნევს. გიორგი თავბერიძე აცხადებს, რომ ტურისტული ობიექტების გახსნა და მათი ქონების გადასახადისგან განთავისუფლება ამ მიმართულებით ბიზნესის განვითარების წინაპირობა იქნება.
,,ანტიკრიზული გეგმა და ტურისტული ობიექტების გახსნა გამოიწვევს ქვეყნის სწრაფ დაბრუნებას პანდემიამდე პერიოდში. პირველ ეტაპზე საქართველოს მთავრობამ დაიწყო ტურისტული სექტორის გამოწვევების კვლევა, შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ნაწილი უკვე დაწყებულია, ნაწილი განსახორციელებელია და უახლოეს პერიოდში დაიწყება. თელავის მუნიციპალიტეტი მთლიანად იქნება ჩართული აღნიშნული ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაში. გეგმის პირველი ეტაპზი მოიცავს თითოეული ტურისტული ობიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, რათა მათ ყველა ის სარგებელი მიიღონ, რასაც ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს“, -აღნიშნავს გიორგი თავბერიძე.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ტურისტული სეზონი უსაფრთხოების განსაკუთრებული წესების დაცვით უნდა დაიწყოს, ნაწილი კი, ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრების გახსნას ეჭვის თვალით უყურებს.
კახეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ტურისტული რეგიონია. რამდენად მომზადებული შეხვდება ადგილობრივი ტურისტული ბიზნესი შეზღუდვისგან განთავისუფლებას და ახალი სეზონის გახსნას, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.
ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი