საგარეჯოს კლინიკის კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის ოჯახის წევრების ნაწილს “კოვიდ 19” არ დაუდგინდა
საგარეჯოს კლინიკის კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის ოჯახის ყველა წევრის ნიმუში გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცნობილია ოჯახის წევრების ნაწილის ტესტირების პასუხი და არც ერთ მათგანს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა.
“ლუგარის ცენტრში გუშინ კახეთიდან 162 ნიმუში გავაგზავნეთ, მათ შორის არის საგარეჯოში ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი 16 პირის საკვლევი მასალა. ცნობილია ექთნის ოჯახის წევრების ნაწილის პასუხები. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მომუშავე მედდას კორონავირუსი PCR კვლევის მეთოდით ჩატარებული კვლევით გუშინ დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მოქალაქე მოიძიეს და ყველა ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს. ცნობილია საკვლევი მასალის მხოლოდ ნაწილის ტესტირების პასუხები და ყველა მათგანის შედეგი უარყოფითია.