საგარეჯოში ექთანს კორონავირუსზე PCR ტესტირება ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა
“ჯერჯერობით გადაწყვეტით ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეიძლება ყვარლის შემთხვევის გათვალისწინებით, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა საგარეჯოს მერიაში გამართულ ბრიფინგზე ექთნის კორონავირუსით შესაძლო ინფიცირების საკითხზე კომენტირებისას.
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ექთანს PCR ტექსტირება ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. მისივე თქმით, მედდა კორონავირუსზე მას შემდეგ გამოიკვლიეს, რაც მან ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობა დაასრულა და საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მივიდა.
“მთელი კახეთის მასშტაბით, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალის მიზანმიმართული და გაფართოვებული კვლევები ტარდება, სწორედ ამ დროს აუღეს მას ანალიზი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობა და ყველა კონტაქტია მოძიებული. ისინი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან, დაინფიცირებული ქალი კი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული”- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
გუბერნატორის განმარტებით, ამ ეტაპზე დამატებითი კვლევები ტარდება და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი დადასტურებული ინფორმაციის გაჟღერება.
ექთანთან კავშირში მყოფ 60 მოქალაქის, მათ შორის ოჯახის წევრებისა და მასთან უშუალო კავშირში მყოფი 9 ადამიანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გააგზავნეს, რომლის პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება.
ცნობისათვის, კახეთის რეგიონში კორონა ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2 მაისს გაჟღერდა, თუმცა დამატებით კვლევებმა არ დაადგინა ყვარლის სასწრაფო დახმარების 50 წლის ექიმი covid-19-ით ინფიცირება.