კახეთში კორონავირუსი 70 მოქალაქეს არ დაუდგინდა
გუშინ კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 82 ნიმუში გაიგზავნა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, 70 საკვლევი მასალის პასუხია ცნობილი და არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.
“გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გავაგზავნეთ 82 ნიმუში, საიდანაც 70-ის პასუხი ვიცით. ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია. კორონავირუსზე კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 1483 ნიმუში, საიდანაც 587 მედპერონალისაა, ხოლო 323 კარანტინში მოთავსებული მოქალაქეების. ამ ეტაპზე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა ჩვენს რეგიონში არ ფიქსირდება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში, საკარანტინე 11 ადგილას, 560 მოქალაქე იმყოფება. თვითიზოლაციაში 27 მოქალაქე რჩება, ხოლო სპეციალისტების მეთვალყურეობა კი 8 ადამიანს მოეხსნა.