ახალი ამბები

რა პროცედურებია საჭირო სოციალური დახმარების მისაღებად

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ​საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის (II ეტაპი) მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და კომპენსაციის მიღების ინსტრუქცია საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციას შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სტატუსით რეგისტრირებული თვითდასაქმებულების 5 კატეგორია მიიღებს.

ასევე ცნობილია, რომ კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულებს, რომელთა ხელფასიც 1500 ლარამდეა, 6 თვე საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი დაუწესდებათ.

აპრილში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი კომპენსაციის გაცემა მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება. კომპენსაციის ოდენობაა 1 200 ლარი, რომლის გაცემა მოხდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოხდება რაც შეადგენს 200 ლარს.

კომპენსაციის მიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივნისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა.

ჯანდაცვის სამინისტროში წარსადგენი ინფორმაცია:

· სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

· საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

· საბანკო რეკვიზიტები.

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განაცხადში არსებულ პირად ნომერს ადარებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას და საკომპენსაციო თანხას რიცხავს პირის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევეში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ შემოსავლების სამსახურის (299 299) და ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ცხელ ხაზებზე.