ძიძებისა და რეპეტიტორების ნაწილი მთავრობის 300-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითდასაქმებულები, რომლებიც ფიზიკურ პირებს ემსახურებოდნენ, მათ შორის ძიძებისა და რეპეტიტორების ნაწილი, ასევე სოფლად მცხოვრები მოქალაქეები, მთავრობის 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების ბენეფიციარებად არ ითვლებიან და შესაბამისად დახმარებას ვერ მიიღებენ.
უწყების ინფორმაციით, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომელიც ოფიციალურადაა რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ასევე ის პირები, რომლებიც თავს თვლიან თვითდასაქმებულად და ამის მტკიცებულებად იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს წარადგენენ.
„ტაქსის მძღოლების შემთხვევაში ლიცენზიები და ნებართვები ჩაითვლება საბუთად. რაც შეეხება ძიძებს და ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დოკუმენტების ვალიდურობის გადამოწმება არის შეუძლებელი და ძალიან რთული, ამიტომ ეს ადამიანები ბენეფიციარებად არ ჩაითვლებიან, თუმცა ძალიან ბევრი რეპეტიტორი გვყავს, რომელთა შემთხვევაშიც იურიდიული პირის მიერ დასაბუთება შესაძლებელი, ასევე ძიძების ნაწილი მიკრომეწარმეებად არიან რეგისტრირებულნი და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ დახმარებას.
რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ისინი ავტომატურად თვითდასაქმებულებად არ ითვლებიან, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაერთი პროგრამა აქვს, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დახმარების მიმართულებითაა ორიენტირებული“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, შეიქმნება ონლაინ პორტალი, სადაც მოქალაქეები პერსონალური ინფორმაციის მითითებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთავს შეძლებენ, შემდეგ კი კომისიის მიერ განხილვისა და დოკუმენტების ვალიდურად ცნობის საფუძველზე, ისინი ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.
შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში თვითდასაქმებული მოქალაქეები, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.
ამ ღონისძიების ბიუჯეტი დახლოებით 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.