ლაგოდეხში ფერმერები კიტრის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ
კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვის გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები სათბურში მოყვანილი კიტრის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.
მათი მტკიცებით, მოკრეფილი მოსავალი ფარდულებში ნადგურდება. ფერმერები პრობლემას 17 აპრილს დაწესებულ ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას უკავშირებენ. ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და პროდუქციის გასაყიდად შესაბამის ნებართვას ითხოვენ.
ლაგოდეხში მცხოვრებ ფერმერს მახმად ისმაილოვს კიტრის 6 სათბური აქვს. მას ორი ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული.
ფერმერის განმარტებით, 21 აპრილს იგეგმებოდა მსუბუქი მანქანებისთვის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, რის გამოც მან მოსავალი გასაყიდად გაამზადა, თუმცა დაწესებული რეგულაციის გაგრძელების გამო პროდუქციის გაყიდვას ვეღარ ახერხებს.
,,6 სათბური მაქვს. აქამდე ძლივს მოვედი: ვიყიდე შეშა, სასუქი, პესტიციდები და მოსავლის მოყვანაზე ფული დავხარჯე. 20 აპრილს დავრეკე მთავრობის ცხელ ხაზზე და მითხრეს 21 აპრილს მოიხსნება გადაადგილების აკრძალვაო. დავკრიფე მოსავალი და გავამზადე, მაგრამ გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა და დამრჩა ეს პროდუქტი გასაყიდი.
მინდა სპეციალური საშვი, რომ მოსავალი მანქანით გავიტანო სოფლებში, უბნებში და ისე მაინც გავყიდო, რადგან ბაზრები არ მუშაობს. მე კი ბანკები ვალები მაქვს გადასახდელი’’, – განაცხადა მახმად ისმაილოვმა.
მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან სხვა ფერმერებიც. მათი თქმით, ისინი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ და დანაჩენ პერიოდში მათი პრობლემით არავინ ინტერესდება.
,,არავინ გვაქცევს ყურადღებას მარტო არჩევნებისთვის ვახდენდებით. ადრე კიტრს ადგილზედ ვყიდიდით, თბილისიდან მანქანები ჩამოდიოდა და გაჰქონდათ. ახლა კი ამისი შესაძლებლობა არ გვაქვს. არც უფლებას გვაძლევენ ჩვენი მანქანით გავიტანოთ გასაყიდად უბნებში’’,– აცხადებენ ფერმერები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ 27 აპრილამდე ფერმერებმა სპეციალური საშვის ასაღებად მერიას ან სოფელში მერის წარმომადგენელს ერთი დღით უნდა მიმართონ.
უწყებაში აცხადებენ, რომ მიმართვის შემთხვევაში საშვის გაცემაზე პრობლემა არ შეიქმნება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ფერმერებისა და დისტრიბუტორებისთვის საბითუმო ბაზრის მოწყობა იგეგმება.
ირაკლი ქადაგიშვილი მიუთითებს, რომ ბაზრის გახსნა მოსავლის ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბოსტნეული კულტურები შემოდის აქტიურად, გადაადგილება არის თავისუფალი, ანუ დისტრიბუციის განხორციელება შეუძლიათ როგორც ადგილობრივებს, ისე ჩამოსულებს. მაგრამ მომავალ კვირაში გაიხსნება სოფელ კაბალთან ახლოს დიდი საბითუმო ბაზრობა, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო მეტი პროდუქციის გადინებას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე კახეთში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
დაიწყება ამ ბაზრის იმ კონდიციაში მოყვანა, რომ მომავალი კვირის შუა რიცხვებისთვის უკვე შესაძლებელი იყოს იქ საბითუმო ბაზრის მოწყობა.
მნიშვნელოვანია, რომ ლაგოდეხში კიტრის მოსავლის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, დღიურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 80-100 ტონა კიტრი იკრიფება. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საშვებს იმ ფერმერებზე, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში კიტრის მოსავალს იღებენ და ყიდიან”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.