საქართველოს ფერმერთა ასოციაცია მთავრობას დაწესებული შეზღუდვების შერბილებას სთხოვს
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართავს.
წერილში ფერმერები მთავრობას თხოვნით მიმართავენ, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები შერბილდეს, რათა მათ შეძლონ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი აგრო-სასურსათო პროდუქტების წარმოება და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გარკვეულწილად უზრუნველყოფა.
როგორც ფერმერთა ასოციაციაში განმარტავენ, წერილი პრემიერ- მინისტრს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარესა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს გაეგზავნა.
„მოხარულები ვართ ფერმერებისთვის გამონაკლისის დაშვებით, თუმცა ფერმერების წინაშე ჯერ კიდევ დგას რამდენიმე მწვავე გამოწვევა, რას საჭიროებს დროულ რეაგირებას.
მათ შორის აღსანიშნავია საშვის აღების საკითხი და აგრო-საშუალებებსა და სერვისებზე წვდომა გადაადგილების შეზღუდვების პირობებში. კერძოდ: ავტომანქანით ფერმერისა და მუშახელის გადაადგილებისათვის საშვების გაცემა არის უკიდურესად გართულებული.
ასევე, ავტომანქანით გადაადგილების დრო (06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში) და აგროსაშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მომსახურების საათები არ ემთხვევა ერთმანეთს. შორ დისტანციაზე გადაადგილება ვისაც უწევს, მისთვის დილით 2 საათი და საღამოს 1 საათი არ არის საკმარისი, რომ წავიდეს ფერმაზე, ჩაატაროს აგრო-ღონისძიებები და დაბრუნდეს უკან სახლში.
სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ ფერმერებისათვის დაწესებული შეზღუდვები შერბილდეს, რათა მათ შეძლონ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი აგრო-სასურსათო პროდუქტების წარმოება და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გარკვეულწილად უზრუნველყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.