ახალი ამბები

50 კგ-იანი ტომარა ფქვილის ფასი არაუმეტეს 51 ლარი იქნება

საქართველოში ხორბლის იმპორტის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარი გამოიყო.

,, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამის მიზანია არასაფურაჟე ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება.

პროგრამის ბენეფიციარი ვალდებული იქნება იმპორტირებული ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პირველი ხარისხის ერთი 50 კგ-იან ტომარა ფქვილი არაუმეტეს 51 ლარად გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სუბსიდიის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

ამასთან, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე. სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე”, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.