წნორში მცხოვრები ახალგაზრდა მოხუცებს და სოციალურად დაუცველებს დახმარებას სთავაზობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში მცხოვრები ახალგაზრდა ნოე ძამიაშვილი იმ პირებს რომლებიც სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ, დახმარებას სთავაზობს.
ახალგაზრდას თქმით, ის წნორში მცხოვრებ მოხუცებს, შშმ პირებს და ყველა სხვა მაღალ რისკ ჯგუფში მყოფებს დაეხმარება, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა მოიმარაგონ პროდუქტი ან ვირუსისგან თავის დასაცავი საშუალებები.
მისი თქმით, აღნიშნული საქმიანობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მისმა სამსახურმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
,,დატვრთული გრაფიკი მაქვს, ვარ სამშენებლო კომპანიის მენეჯერი, ასევე ვმუშაობ კრედო ბანკში, ვარ ასევე ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორი და ახალგაზდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიღნაღში. ასევე დაკავებული ვარ სოფლის მეურნეობით.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით დაიხურა ჩვენი სამსახური. რადგან დღის განმავლობაში თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდი იმ ხალხს, ვისაც ძალიან ვჭირდებოდი.
საკმაოდ ბევრი მსურველი გამოჩნდა არა მარტო მოხუცები, ასევე ის ადამიანებიც ვისაც მათზე მეტად ეშინიათ გარეთ გამოსვლის.
მოხუცებთან სიარულის დროს აღმოვაჩინე ისეთი გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც შიმშილს ებრძოდნენ. მე მათ ჩემი სახსრებით დავეხმარე და ცოტა მაინც შევუმსუბუქე არსებული მდგომარეობა.
ასევე გამოჩნდნენ ადამიანები ვინც თანხის გადმოცემის სურვილი გამოთქვა და მთხოვეს ანგარიშის ნომერი, მათ შორის ემიგრანტებმა, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. მე ჩემი შეხედულებები მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ვერავის თანხას ხელს ვერ მოვკიდებდი. მათ ვთავაზობ შეიძინონ თავად პროდუქტი, ტანსაცმელი და სხვა ნივთები და მე მსურველებს გადავცემ მათთან ერთად.
რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაგინახავს სიკეთეს, მთავარია გააკეთო და სამაგიეროს არასდროს დაელოდო”,- განუცხადა Knews.ge-ს ნოე ძამიაშვილმა.
ახალგაზრდას თქმით, მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონზე (579 41 77 66) და ის სასურველ ნივთებს ადგილზე მიაწვდით.