ახალი ამბები

ლაგოდეხში განხორცილებული პროექტი „ახალგაზრდა რეინჯერი“ საერთაშორისო კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა

ეკოსაგანმანათლებლო პროექტი „ახალგაზრდა რეინჯერი“, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, საერთაშორისო კონკურსის „Rural Youth Project competition 2019“ ფინალისტია.

კონკურსში გამარჯვებას მოიპოვებს ის გუნდი, რომელიც მისთვის განკუთვნილ ყველაზე მეტ ე.წ. ემოციას დააგროვებს. ,,ახალგაზრდა რეინჯერის“ მხარდასაჭერად საჭიროა ფეისბუქ პოსტზე ე.წ გულის ანუ Love ემოციის გამოხატვა.

პროექტი „ახალგაზრდა რეინჯერი“ განხორციელდა საქართველოს პარლამენტში ლაგოდეხისა და ყვარლის დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის დახმარებით, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამბრელას“ ერთობლივი მხარდაჭერით.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, სამომავლოდ იგეგმება ,,ახალგაზრდა რეინჯერი“ იქცეს მუდმივმოქმედ ეკოსაგანმანათლებლო პროგრამად, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება გარემოზე ზრუნვით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

„ახალგაზრდა რეინჯერი 2019 წლის აგვისტოში განხორციელდა, რომელშიც 13-17 წლის 100-მდე ლაგოდეხელი ახალგაზრდა მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა უშუალოდ „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის“ რეინჯერებისგან მიიღეს ინფორმაცია ველური ბუნების, რეინჯერთა ქცევის წესების და გარემოს დაცვის საკითხებზე”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კონკურსში ხმის მიცემა დაწყებულია და 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დასრულდება. გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად პროფესიონალური ფოტოკამერა გადაეცემა.