მე-18 საუკუნის მარანი და აგროტურისტული ცენტრი სოფელ ხაშმში
ახალგაზრდა მეწარმემ, ოთო მენაბდიშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში ბებიის დანატოვარი მე-18 საუკუნის მარანი აღადგინა, აგროტურისტული ცენტრი შექნა და უძველეს ქვევრებში ღვინის დაყენება დაიწყო.
ახალგაზრდა მეწარმე მარანში ყოველწლიურად უამრავ ქართველ და უცხოელ ტურისტს მასპინძლობს და ხაშმის საფერავით უმასპინძლდება.
,,მარანი არის მე-18 საუკუნის, რომელიც ეკუთვნოდა ჩემს დიდ ბებიას, რომლის მამაც იყო თავადი ჩოლოყაშვილი. საბჭოთა კავშირის დროს, როცა კოოპერატივები შეიქმნა, ამ მარანში იწურებოდა მთლიანი სოფლის მოსავალი. ერთი წლის წინ გადავწყვიტე ჩამეტარებინა რესტავრაცია. ერთი წელია რაც მარანი ფუნქციონირებს და უკვე ბევრი სტუმარი მივიღეთ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გვყავდა ტურისტები. ვუმასპინძლეთ ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან, რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. მაქვს ჩემი დაყენებული ხაშმის საფერავი, რომელიც თავისი თვისებებიდან გამომდინარე უნიკალურია და ძალიან მოსწონთ”, – განაცხადა ოთო მენაბდიშვილმა.
ოთო მენაბდიშვილის თქმით, ღვინოს ქვევრში ინახავს, რაც მას გემოვნურ თვისებებს უნარჩუნებს.
,,მარანში არის სულ ცხრა ქვევრი. აქედან ოთხი არის პატარა და დანარჩენი ხუთი არის ხუთტონიანი. იმხელა მოსავალი არ მაქვს ჯერჯერობით, რომ დიდ ქვევრებში ჩავასხა, ამიტომ ვწურავ შედარებით პატარა ქვევრებში.
ღვინო, რომელიც ქვევრში ინახება, არის ცოცხალი. მასში ბუნებრივად მიმდინარეობს ის ქიმიური პროცესები, რომლებსაც ქარხნულ წარმოებაში სპეციალური დანადგარები და დანამატები სჭირდება.
გასული წლის მოსავალი ჩამოვასხი ბოთლებში და შევიტანე რამდენიმე მაღაზიაში. სამომავლოდ მინდა გავაფართოვო ჩემი მეურნეობა. ვფიქრობ ახლო მომავალში ღვინის ექსპორტზე გატანასაც”,– განაცხადა ახალგაზრდა მეწარმემ.