კახეთში კორონავირუსზე 14 პირის ანალიზის პასუხს ხვალ ელოდებიან
კახეთში ე.წ. ცხელების ცენტრებმა პაციენტების მიღება დაიწყეს.
ლაგოდეხისა და საგარეჯოს ე.წ. ცხელების ცენტრებში 14 პაციენტია მოთავსებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ლუგარის ლაბორატორიაში თოთხმეტივე პაციენტის ანალიზია გაგზავნილი და პასუხი საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანებს აღენიშნებათ ტემპერატურის მატება, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
„ცხელების ცენტრებში პაციენტები გადმოყვანილები არიან საკარანტინო სივრციდან. ყველა მათგანს რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა არის საშუალოზე მსუბუქი, მაინც ავუღეთ ანალიზი და ლაბორატორიიდან ხვალ მივიღებთ პასუხს“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში მოწყობილ 10 საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე 494 ადამიანი იმყოფება.