ახალი ამბები

რამდენიმე სახეობის პროდუქტზე შესაძლოა ფასები კიდევ გაიზარდოს

მარტში თვეში ხორცი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი და კვერცხი გაძვირდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში ხორცი 14.7%-ით, ბოსტნეული – 12.5%-ით; რძე, ყველი და კვერცხი კი 18.9%-ით გაძვირდა.

თელავში მოქმედ მაღაზიებსა და აფთიაქებში აცხადებენ, რომ გარკვეული პროდუქტები სადისტრიბუციო კომპანიებს უკვე გაძვირებული შემოაქვთ.

,,მედიკამენტების და სურსათის მარაგების პრობლემა ნამდვილად არ არის ჩვენთან. ერთადერთი, რაც არის, მაგალითად ერთი ტომარა შაქარი 100 ლარი გახდა, ჩვენ შესაბამისად 2,20 ლარად ვყიდით 1კილოგრამს.

ანუ ჩვენთვის მარჟა არ შეცვლილა ისევ იმ მცირე მარჟაზე ვმუშაობთ და კატეგორიულად გამორიცხულია ჩვენ ქსელში ხელოვნურად რაიმეს გაძვირება, თუმცა გარკვეულ დასახელებებზე როგორც აფთიაქში ისე მარკეტში შეინიშნება ფასის მატება, რაც ბუნებრივია იმპორტი, რომელიც უცხო ვალუტაში ხორციელდება, კურსი ახდენს გავლენას”, – განუცხადეს knews.ge-ს სუპერმარკეტების და აფთიაქების ქსელ ,,ნატალიში”.

თელავში მდებარე მარკეტ ,,ლიმბოს” წარმომადგენელი მაგული ჭარბაძე აღნიშნავს, რომ არცერთ პროდუქტზე, რომელიც მარაგში აქვთ, ღირებულება არ გაზრდილა, თუმცა სადისტრიბუციო კომპანიებს ზოგიერთი სახეობის პროდუქტი უკვე გაძვირებული შემოაქვთ, რის გამოც ისინი იძულებულები არიან, ძვირად გაყიდონ.

“არც ერთ პროდუქტი, რომელზეც მარაგი გვაქვს, არ გაგვიძვირებია. გარკვეული პროდუქტების მარაგი კიდევ გვაქვს დარჩენილი, რასაც ისევ ძველ ფასში გავყიდით, მაგრამ ზოგი სახეობის პროდუქტი დისტრიბუციიდან მომატებული ფასით მოდის, ამიტომ ასეთ შემთხვევაშუ იძულებულები ვართ, გაძვირებული პროდუქცია გავყიდოთ’’,- აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას მაგული ჭარბაძემ.