ახალ ზელანდიელი ტურისტები პანკისში სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს დაეხმარნენ
ახალი ზელანდიიდანტურისტები, რომლებიც ახმეტაში, პანკისის ხეობაში2019 წელს იმყოფებოდნენ, 85 ოჯახს დაეხმარნენ.
საქველმოქმედო აქციას პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაცია (PVTDA) ახალი ზელანდიელი მეგობრების, მაიკ რომანსის და რეი კუკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
როგორც knews-ს პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ნაზი დაქიშვილმა განუცხადა, „ზაქათი“, რომელიც მაჰმადიანურ რელიგიაში ქველმოქმედებას ნიშნავს, პანკისის ხეობაში სასურსათო პაკეტების დარიგების პროგრამის სახელწოდებაა.
,,ახალი ზელანდიიდან ჩვენი მეგობრების გულუხვი მხარდაჭერით, პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციამ (PVTDA- მ) შეძლო აუცილებელი სასურსათო პაკეტების შეძენა და დარიგება გაჭირვებულთათვის, რადგან COVID-19 პანდემიის გავრცელების გამო საკვებ პროდუქტებზე მომატებულია ფასები და გაზრდილია მოთხოვნა. PVTDA – მ წამოიწყო პროგრამა „ზაქათი“, რომლის განხორციელებაშიც დაგვეხმარა დუისის ახალი მეჩეთი და ადგილობრივი მოხალისეები. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ, რომ მთელი დღის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ პანკისის ხეობაში ამდენი ოჯახისთვის სასურსათო პაკეტების დარიგებაში. ზაქათი ისლამში ერთგვარი ქველმოქმედებაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი გაიღებს მოწყალებას სხვისი კეთილდღეობისთვის. ვინც ზაქათის გაცემაშია ჩართული, თავდაუზოგავად, თავმდაბლად და ჯილდოს გარეშე ეხმარება გაჭირვებულებს. ასეთ მძიმე პერიოდში, ისინი, ვინც ყველაზე მეტად დაუცველია ჩვენს თემში, უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან და ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებენ. ადამიანები რთულ პერიოდში ეხმარებიან ერთმანეთს, რაც ადამიანობის საუკეთესო გამოვლინებაა“, – განუცხადაknews-ს ნაზი დაქიშვილმა.
პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში პროდუქტებზე განსაკუთრებულმა მოთხოვის გამო მკვეთრად შემცირდა პროდუქციის რაოდენობა, რომელიც მკვეთრად უარყოფითად აისახება მოწყვლად ჯგუფებზე.
„პროდუქტების პანიკურმა ყიდვამ შეამცირა სურსათის აუცილებელი მარაგი, რასაც ემატება გადაადგილებაზე შეზღუდვა და სოციალური იზოლაცია, რომლის სიმძიმე უფრო მეტად აისახება მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებზე, ხანდაზმულებზე, ავადმყოფებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და მარტოხელა მშობლებზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პანკისის ხეობის მაცხოვრებელთა უმეტესობა გაჭირვებულია, არ აქვთ სამუშაო, არ აქვთ შემოსავალი და არც დანაზოგი, ასეთმა რთულმა პერიოდმა შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგები მოიტანოს ბევრი ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით კი მათი, რომლებიც სოციალურად დაუცველებია არიან”,– აღნიშნავს დაქიშვილი.
მისივე თქმით, PVTDA- მ შეიძინა 85 სასურსათო კალათა, რომლშიც შედიოდა 7 აუცილებელი საკვები პროდუქტი. დაქიშვილი აღნიშნავს, რომ მოსახლეობას ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებიც გააცნეს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზეც მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.
,,ადგილობრივი სოციალური დახმარების მუშაკების, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და სოფლის წარმომადგენლების დახმარებით გამოვავლინეთ გაჭირვებულთა 77 ოჯახი. ამ ოჯახებს სასურსათო პაკეტები დავურიგეთ 11 სოფელში. გვაქვს 8 სასურსათო პაკეტი დარჩენილი, რომელიც საჭიროებისამებრ გადანაწილდება გაჭირვებულ ოჯახებზე. თითოეულ პაკეტში შედიოდა შაქარი (2 კგ), მარილი (2 კგ), შვრია (2 კგ), ჩაი (360 გმ), ზეთი (2 ბოთლი), ბრინჯი (2 კგ) და 1 ტომარა ფქვილი (50 კგ). გაგვიმართლა, რომ დავეხმარეთ ოჯახებს ქართულენოვან სოფლებში (დედისფერული, საკობიანო და ყვარელწყალი) და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მომავალშიც. ჩვენ ასევე მივაწოდეთ მოსახლეობას ინფორმაცია COVID-19 გავრცელების პრევენციაზე და რეკომენდაციებზე. თუ აღნიშნული ოჯახები საჭიროებენ დამატებით დახმარებას, ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ და შევეცდებით, რომ დავეხმაროთ. PVTDA-ს ექნება მუდმივი კონტაქტი ამ ოჯახებთან და გამოავლენს მათ საჭიროებებს. გაურკვეველია, მომავალში გაგრძელდება თუ არა ამ ოჯახების სასურსათო პაკეტებით უზრუნველყოფა, რაც დამოკიდებულია შემდგომ დაფინასებაზე, მარაგის ხელმისაწვდომობასა და გადაადგილების შეზღუდვებზე”, -აცხადებს ნაზი დაქიშვილი.
ავტორი: მაკა ხაზიური