ახალი ამბებისტატიები

კორონავირუსი და ,,ელექტრონული განათლება“ კახეთში

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით  და ახალი ვირუსის –Covid 19-ის – გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველო სწავლების ახალ მეთოდზე-ელექტრონულ, დისტანციურ  სწავლებაზე გადადის.  რა პრობლემები ექმნებათ სტუდენტებს, მასწავლებლებს და პედაგოგებს იმ ფონზე, როდესაც  მათ ნაწილს არც კომპიუტერი აქვს  და არც-ინტერნეტი?

Covid 19-ად წოდებული ახალი ვირუსი, რომელმაც თავისი დღის წესრიგი მსოფლიოს უკვე დაუწესა,  განათლების სფეროსაც შეეხო.   ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალ რეგულაციებს აწესებს და განათლების სისტემას ელექტრონული,  დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლის რეკომენდაციას აძლევს.

16 მარტიდან 1 აპრილამდე  დისტანციური სწავლების საპილოტე რეჟიმზე უკვე გადავიდა  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ფაკულტეტების ადმინისტრაცია სტუდენტებს ელექტრონული კურსების და სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემების შესახებ  ყველა სახის ინფორმაციას  რეგულარულად  აწვდის.  თესაუს  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ჭკადუა ამბობს, რომ უნივერსიტეტი სწავლების ამგვარ მეთოდებს, ფრაგმენტულად, ადრეც იყენებდა:

,,თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში   დისტანციური სწავლების ელემენტები იგეგმება.  უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აიტის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები  სწავლებისა და სწავლის  ახალი მეთოდების და  ტექნოლოგიების დანერგვაზე  აქტიურად მუშაობენ.   ჩვენ უკვე გავტესტეთ და სატესტო რეჟიმში  უკვე  ფუნქციონირებს რამდენიმე აპლიკაცია. ეს კვირა, ფაქტობრივად, უკვე გადასული ვართ დისტანციური სწავლების ფორმაზე.  პროცესი  გაგრძელდება და რა თქმა უნდა, დაიხვეწება კიდეც, ვინაიდან  სიახლეა.  ამ მეთოდს უნივერსიტეტი, ფრაგმენტულად, ადრეც იყენებდა , თუმცა ახლა  ამ  ტექნოლოგიების დაგეგმვა უფრო მასშტაბურად მოხდება“,-განუცხადა  Knews- თესაუს პროფესორმა.

სწავლების ახალ ფორმაზე გადასვლას ცდილობენ თელავის საჯარო სკოლებშიც.  სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაციები მიეცათ, რომ უზრუნველყონ დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება მოსწავლეებისთვის, საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით. ასეთივე არხების აუცილებლობა მოსწავლეების მშობლებისთვისაც  განისაზღვრა, რომლებიც  არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერას უზურუნველყოფენ.

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლევან მრელაშვილის, განცხადებით, ,,აუცილებელია, რომ ეროვნული  სასწავლო  გეგმით  გათვალისწინებული  საათების  რაოდენობა   ანაზღაურდეს,  ეს კი, არდადეგების ხარჯზე  ვერ მოხდება.  განათლების სამინისტროს პოზიციაა, რომ არ მოხდეს ბავშვების იძულებით მიყვანა სკოლებში.  ამიტომ  სამინისტრო  გაცდენილი გაკვეთილების  ანაზღაურებას  დისტანციური  სწავლების  მეთოდით ფიქრობს. მიღებული გვაქვს შესაბამისი რეკომენდაციები. პროცესი უნდა განხორცილედეს  ელექტრონული საშუალებებით,  კომპიუტერის,  ინტერნეტის გამოყენებით.   ამ კუთხით კი,  გარკვეული  ზომებია გასატარებელი. სამინისტრომ  ისიც  გაითვალისწინა, რომ  მუნიციპალიტეტში ზოგჯერ  არის ინტერნეტის პრობლემა და  არც  ყველა მოსწავლეს და პედაგოგს აქვს კომპიუტერი.  მაგრამ  ყველას აქვს ტელეფონი, რისი საშუალებითაც, ასევე, შეიძლება ჩვეულებრივ რეჟიმში ჩაერთოს და იმუშაოს მასწავლებელმა“.

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჯერ არ იციან, თუ  სადამდე  და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. როგორც ჩანს, არდადეგების ხანგრძლივობას ქართულ საგანმანათლებლო სისტემას,  სამომავლოდაც,  კვლავ კორონავირუსი უკარნახებს.  იმ რეალობის გათვალისწინებით კი, როდესაც მოსწავლეების, სტუდენტების და პედაგოგების ნაწილს ინტერნეტი და კომპიუტერი საერთოდ  არ აქვს, დანამდვილებით ისიც არავინ იცის, თუ  რამდენად შედეგის მომტანი იქნება  საქართველოში ელექტრონული, დისტანციური სწავლების ახალი მეთოდი.

 

ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი