კომპანია,, ბადაგონმა” ხელის სადეზინფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მოქმედმა ღვინის მწარმოებელმა კომპანია “ბადაგონმა” ხელის სადეზინფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო.
კომპანიაში განმარტავენ, რომ წარმოებული ხსნარი უსასყიდლოდ გადაეცემათ კახეთის რეგიონის მერიებს, საპატრიარქოს, ექიმებს, სამართალდამცავებს, შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლებს.
,, ქვეყანაში არსებული ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია “ბადაგონის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ჩამოისხმება ალკოჰოლზე დაფუძნებული 80% -იანი ხელის სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც კორონავირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად უსასყიდლოდ გადაეცემა იმ სამინისტროებს და იმ პირებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ.
აღნიშნული პროდუქტი სრულად შეესაბამება ამერიკის „საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის“ (FDA) მიერ შემუშავებულ სტანდარტებს”, – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია “ბადაგონი”, რომელიც ადრე “მეღვინეობის რაინდის” სახელით იყო ცნობილი, 2006 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში დაარსდა. 2006 წელს ზემო ხოდაშენში აშენდა საწარმოს მთავარი ქარხანა.