ახალი ამბები

მოქალაქეს, გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ცოტა ხნის წინ, სრული კარანტინი და კომენდანტის საათი გამოცხადდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი პრობლემის სიმძიმეს ვერ აცნობიერებს. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, მდგომარეობის სიმძიმეს აბსოლუტურად ყველა უნდა იზიარებდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს. ჩვენი ვალდებულება გახლავთ ის, რომ აქ, საქართველოში, სანამ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, სანამ ჩვენი ყოველდღიური და პრევენციული ნაბიჯები გვაძლევს იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით, ასე თუ ისე, ნორმალურად ვუმკლავდებით გამოწვევებს, მოდუნების საფუძველი არ მოგვცეს. აბსოლუტურად უნდა ვიაზრებდეთ მდგომარეობის იმ სიმძიმეს, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. ასევ ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც სამწუხაროდ, ეკონომიკურად საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერები არიან, ეს ის ქვეყნებია, რომელთა თუნდაც, ჯანდაცვის სისტემები ბევრად უფრო ძლიერია. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, სწრაფი, თამამი გადაწყვეტილებებია და არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს იმის უფლება, დავიგვიანოთ. ნებისმიერ მოქალაქეს, გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა“, – განაცხადა გახარიამ.

ამ პირობების მონიტორინგისთვის მოეწყობა საკონტროლო პუნქტები საქართველოს ქალაქებში, რომელსაც შსს და თავდაცვის უწყებები გააკონტროლებენ;

„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი”.