კამპანია ,,დარჩი სახლში“ და ადამიანების გამოკვების პრობლემა
საქართველოს მთავრობის და მედიკოსების მოწოდების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი წესებს იცავს და სახლში დარჩენას ამჯობინებს.
რა პრობლემებს უკავშირდება თვითიზოლაცია და რამდენადაა მოგვარებული ყოველდიურობას მოწყვეტილი ადამიანების კვების საკითხი?
Covid-19-მა ახალი რეგულაციები მსოფლიოს ცხოვრების და ქცევის ყოველდღიურ წესებშიც განუსაზღვრა. ამ წესების ფარგლებში ახლა ყველაზე აქტუალურია კამპანია ,,დარჩი სახლში“, რომელიც რეალურად თვითიზოლაციას გულისხმობს. თვითიზოლაცია გარშემომყოფებთან კონტაქტისგან თავის შეკავებას ნიშნავს, რათა მათი დაინფიცირება და ვირუსის შემდგომი გავრცელება გამორიცხოს.
ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი აღმოჩნდება, რომ თქვენ ვირუსის მატარებელი ხართ. სამწუხაროდ, ამის განსაზღვრა დაინფიცირების პირველ ეტაპზე, რომელიც, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, წარმოუდგენელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები საჯარო თავშეყრის ადგილებში გამოჩენას მოერიდონ, მაგალითად, სამსახურში, სავაჭრო ცენტრებსა თუ სხვა დაწესებულებებში.
მეორე მხრივ სახლში დარჩენა მოქალაქეების ნაწილისთვის პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი, მათთვის, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ ან თუნდაც პენსიონერებისთვის და სოციალურად რთულ პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის.
ხათუნა დურგლიშვილი პროფესიით ბუღალტერია. ის ამბობს, რომ 4 სულიან ოჯახს კვებისთვის, თვეში, საშუალოდ, 750-800 ლარი ესაჭიროება. თავად 2 შვილის დედამ მენიუში, კვირაში 2-ჯერ, ხორციანი სადილი, სალათები, ბოსტნეულის სუპები, ძეხვის ნაწარმი, ბურღულეული და კვების სხვა პროდუქტები გაითვალისწინა. ხათუნას ამ რეცეპტს ბევრი ადამიანი ვერ გამოიყენებს, რადგან მათი უმრავლესობის ხელფასი 800 ლარზე გაცილებით ნაკლებია, პენსიონერების შემოსავალზე რომ არაფერი ვთქვათ, ან იმ თვითდასაქმებულ ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ისედაც რთულ მდგომარეობას გაძვირებული პროდუქტებიც ემატება.
,,სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი, შიმშილობის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებას ურჩევს, მოსახლეობას სიცოცხლისთვის აუცილებელი, პირველად პროდუქტი დაურიგოს.
,,კვების დეფიციტი ჯერჯერობით აშკარად არ შეიმჩნევა, მაგრამ საკმაოდ დიდი კრიზისია ქალაქში, დახურულია და გაჩერებილია ყველაფერი. ეს დიდი დისკომფორტია, მაგრამ ყველასთვის მნიშვნელოვანია, დაიცვას თავი და გარშემო მყოფი ადამიანები. მე წინასწარ შევიძინე პროდუქტი, დაახლოებით, 400 ლარის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი, სადამდე მივალთ“,- აცხადებს knews. Ge-სთან საუბრისას ნინო გოგოლაშვილი.
ჟურნალისტი ნინო პაატაშვილი პროდუქტზე ფასის მატებას საზღვარგარეთ თვითიზოლაციაში მყოფი ქართველმა ემიგრანტების ფულადი გზავნილები შეწყვეტა უკავშირებს. პაატაშვილის ფიქრობს, რომ პროდუქტის გაძვირება დოლართან და ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია.
,, პროდუქტზე ფასების მატების გამომწვევი ერთ -ერთი უმთავრესი ფაქტორი არის თვითოზოლაციაში მყოფი ქათველი ემიგრანტემის მიერ ფულადი გზავნილების შეწყვეტა. ევროს და დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში დღითიდღე მატულობს, შესაბამისად, მოიმატა სურსათის ღირებულებამ. რასაკვირველია, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის შექმნილი მდგომარეობა მოსახლეობას, მით უფრო ეკონომიკურად ისეთ არამდგრად სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა. ოჯახს ყოველთვიურად, საშუალოდ, 2000 ლარი მაინც სჭირდება დღევანდელ პირობებში რომ იკვებოს. ხოლო თუ აღნიშნულ თანხას საშუალო ხელფასის ზღვრულ რაოდენობას შევადარებთ, ძალიან დიდ დისბალანსს დავინახავთ. სწორედ ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება სიღატაკის ზაღვარს ქვემოთ“, – აღნიშნავს knews.ge-ს თან საუბრისას ნინო პაატაშვილი.
მუსიკოსი მაია ხუბეჯიშვილი მაღაზიებს მოუწოდებს, შექმნილი მდგომარეობით არ ისარგებლონ და პროდუქციის ღირებულება არ გაზარდონ.
,,რა თქმა უნდა, არ უნდა ისარგებლონ მაღაზიებმა და კერძო მოვაჭრეებმა ამ მდგომარეობით და არ უნდა გააძვირონ პროდუქტი. ისედაც უჭირს ხალხს ჯერ ამ მდგომარეობასთან შეგუება, რომელ ერთზე ინერვიულონ? სოციალურ ქსელში ვნახე რამდენიმე პოსტი, სადაც მაღაზიის მეპატრონე მომხმარებელს პროდუქტს ,,თავის ფასში“ სთავაზობს, რაც მისასალმებელია“,- აცხადებს მაია ხუბეჯიშვილი.
ფონდი ,,ახალი სიცოცხლის“ პროექტების განვითარების მენეჯერი ლალი გოგოჭური თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის კვების მხრივ პრობლემას ვერ ხედავს. გოგოჭური მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევს.
,,პროდუქტი პრობლემა არ არის, არც ფასები შეცვლილა ჩვენ მაღაზიაში. იმ დღეს 5 კილოგრამი ფქვილის ყიდვა მინდოდა და მაღაზიის მეპატრონემ მითხრა: ამდენი რად გინდა, მე ყველაფერი უწყვეტად მექნებაო. მგონი ყველაფერი ინდივიდუალურია. ხალხი პანიკაში კარგავს ენერგიას და პროვოცირებას უკეთებს ამ ვირუსს, მე ასე ვფიქრობ“, – ამბობს ლალი გოგოჭური.
გოგოჭურს ქორეოგრაფი ლელა ხუციშვილი არ ეთანხმება და ამბობს, რომ პროდუქტი ძალიან გაძვირდა.
,,სადამდე ავიდა დღვანდელი ფასები. ერთნირად რომ შევიძინო პროდუქტი, 500 ლარი მაინც მინდა. ასეთი მობილიზებული მთავრობა ჯერ არ მახსოვს, მაგრამ ეკონომიურად ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებით სხვა ქვეყნებს. ამიტომ მთავრობას, ამ მიმართულებით, ძალიან გაუჭირდება, თუ არ იქნება კერძო სექტორის კეთილი ნება. ან მთავრობამაც და დეპუტეტბმა, რომ არ იციან, რაში იღებენ ამდენ ხელფასს, თავიანთი სახელფასო ფონდიდან დაეხმარონ ქვეყანას. ჩვენც ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ” , -აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ლელა ხუციშვილი.
როგორც ვარაუდობენ, სამომავლოდ, საქართველოს მთავრობის რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება და, შესაბამისად, სახლში დარჩენილ სოციალურად დაუცველ ადამიანებს კვების, პირველადი მოხმარების საგნების და მედიკამენტების კუთხით დახმარების უფრო მეტი საჭიროება ექნებათ.
ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი