ახალი ამბები

ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა მოხუცებს და ორსულებს დახმარებას სთავაზობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი პირებს, ვისაც სახლიდან გასვლა არ შეუძლიათ,  დახმარებას სთავაზობს.

მისი თქმით, ლაგოდეხში მცხოვრებ მოხუცებს, ფეხმძიმეებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, ვისაც გადაადგილება უჭირს, ის მიუტანს სახლში ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ.


დავით ჭაბაშვილის თქმით, მას დახმარება დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია.

,, ლაგოდეხში მცხოვრებ მოხუცებს და ფეხმძიმეებს, ვისაც გარეთ გასვლა არ შეუძლიათ, დამიკავშირდნენ მე და ნებისმიერ დროს რაც სჭირდებათ, სახლში მივუტან. ეს იქნება მარკეტი, აფთიაქი თუ ნებისმიერი ადგილი, გავალ და  სასურველ პროდუქტს თუ ნივთს ადგილზე მივუტან. მე მათ მოვემსახურები სრულიად უფასოდ. გადაადგილებაში მეხმარება ველოსიპედი. კარგი იქნება თუ დახნარების სხვა მსურველებიც გამოჩნდებიან. თუ ბევრნი ვიქნებით, ბევრს დავეხმარებით ამ გასაჭირის დროს”,-განუცხადა knews. Ge-ს დავით ჭაბაშვილმა.

მისი თქმით, დღეს უკვე სამ ოჯახს დაეხმარა.

,, დღეს სამ პენსიონერ ქალბატონს დავეხმარე. სამივეს წამლები სჭირდებოდათ რომელიც აღარ ჰქონდათ, ასევე პური, ზეთი და მსგავსი საკვები პროდუქტები მივუტანე”, – განაცხადა დავით ჭაბაშვილმა.