დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის ახალი კლასტერის წარმომადგენლების თელავში ყოფნას არ ადასტურებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი არ ადასტურებს ტელეკომპანია “მთავარის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთიდან ჩამოსული 3 მოქალაქე, რომლებიც კორონავირუსის ახალი კლასტერის წარმომადგენლები არიან, თელავში იმყოფებოდნენ. როგორც knews_ს ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
ტელეკომპანია “მთავარის” ცნობით, 11 მარტს სამგლოვიარო პროცესიის 3 მონაწოლე თბილისში სასტუმრო „ვინოტელში“ და სამების საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდნენ.
ბოლო ცნობით, კორონა ვირუსით დაინფიცირებულია სასტუმროს მფლობელი და მისი მეუღლე, რომლებიც სხვა სტუმრებთან ერთად სამგლოვიარო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.
ამავე ინფორმაციით, ამავე სუფრაზე იმყოფებოდა 80 წლის ქალბატონი, რომელსაც დღეს კორონა ვირუსი დაუდგინდა და 40 დაინფიცირებულ პაციენტთა შორის ყველაზე მძიმეა.
საკითხის კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ სუფრაზე იმყოფებოდა, იდენტიფიცირებულია და თვითიზოლაციაში არიან. ამასთან მიმდინარეობს მონიტორინგი და დაკვირვება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ კლასტერის 238 ადამიანს აქტიურად აკვირდებიან. მისივე განცხადებით, ამჟამად ამ კონკრეტულ ჯფუფზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, ამ კლასტერის წარმომადგენლების ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 31 მარტს იწურება.