თელავში ახალგაზრდა ექიმები სოციალურად დაუცველებს სამედიცინო დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობენ
თელავში ახალგაზრდა ექიმების ჯგუფი, რომლებიც სამუშაოდ გერმანიაში იმყოფებოდნენ და საქართველოში დაბრუნდნენ, სოციალურად დაუცველებს, ხანდაზმულებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, უფასო მომსახურებას სთავაზობენ.
მათი თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ მოხალისეობრივად საკუთარი წვლილი შეიტანონ კორონავირუსის გავრცელების პრევენციაში.
როგორც knews. Ge-სთან საუბრისას იდეის ერთ-ერთმა ავტორმა ნინო გერმანიშვილმა განაცხადა, ისინი სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სახლიდან გასვლა არ შეუძლიათ ან კორონავირუსით დაინფიცირების რისკ ჯგუფში არიან.
,,მოხარულები ვიქნებით, თუ გავუწევთ დახმარებას ადამიანებს. გერმანიიდან დაგეგმილ შვებულებაში ჩამოვედით საქართველოში კორონავირუსის გამო და ჯერ-ჯერობით აქ ვართ, რადგან გაგვიუქმდა ბილეთები. 10 წელია უკვე ექთნად ვმუშაობ გერმანიაში ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, ერთ-ერთ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მეგობრებმა შევქმენით ფეისბუქ გვერდი ,,ერთად ერთმანეთის სასიკეთოდ” და ვცდილობთ, ცოტა მაინც დავეხმაროთ გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს”,- განაცხადა knews. Ge-სთან საუბრისას ნინო გერმანიშვილმა.