კორონავირუსის პრევენციის მიზნით საგარეჯოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ყოველდღიურად მოხდება
კორონავირუსის საფრთხის გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ავტოსადგურების დეზინფექცია დაიწყო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწინაშვილის ინფორმაციით, მსგავსი სამუშაოების განხორციელება ყოველდღიურად მოხდება.
,,ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მიზნით, ჩვენი შესაბამისი სამსახურები მუდმივ რეჟიმში ინფორმაციის სახით, ავრცელებენ და ასრულებენ რეკომენდაციებს. ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებას მიეცა მკაცრი მითითება, რომ უახლოეს დღეებში განახორციელონ სადეზინფექციო სამუშაოები.
საზოგადოებრივ და მუნიციპალურ ტრანსპორტს ყოველი დღის ბოლოს უკვე უტარდება გეგმიური დამუშავება და მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით.
თვითიზოლაციაში მყოფ საგარეჯოს რამდენიმე მოქალაქეზე ხორციელდება განსაკუთრებული კონტროლი, სადაც ჩართულია, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახური, ასევე სოფლის წარმომადგენელი და საპატრულო პოლიცია”,- განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.
უწყების ინფორმაციით, მანამდე მსგავსი სამუშაოები პროფილაქტიკის მიზნით, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებსა და სკოლებში განხორციელდა.
ასევე დეზინფექცია ჩაუტარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის ყველა სართულსა და ოთახს.